რა არის ბუნებრივი რესურსები?
ბუნებრივი რესურსები - ბუნებაში არსებული ნივთიერებების და ენერგიის სახეებია, და ისინი ადამიანების და საზოგადოების არსებობისათვის საჭირო საშუალებებს წარმოადგენენ. ბუნებრივი რესურსების ერთ-ერთი სახეა მინერალური რესურსები.
მინერალური რესურსები - ეს არის ქანები და მინერალები, რომელთაც იყენებენ ან მომავალში გამოიყენებენ ქვეყნის მეურნეობაში, იქნება ეს ენერგიის მიღება, ნედლეულისა თუ მასალების წარმოება და ა.შ. მინერალური რესურსები, ქვეყნის მეურნეობის განვითარების ფუნდამენტური საფუძველია, რომელზეც შემდეგ უკვე სხვა დარგების დაშენება ხდება. დღევანდელ დღეს მსოფლიოში 200-ზე მეტ მინერალურ რესურსს იყენებენ.
ძალიან ხშირად "მინერალური რესურსების" სინონიმად "სასარგებლო წიაღისეულს" ხმარობენ. მაგრამ, მათ შორის მაინც არსებობს გარკვეული განსხვავება. მინერალური რესურსები - დედამიწის, კონტინენტის, ქვეყნის და რომელიმე ტერიტორიის წიაღში არსებული მინერალური ნედლეულის გეოლოგიური მარაგების ერთობლიობაა. სასარგებლო წიაღისეული - მინერალური ან ორგანული ნაერთებია, რომელთა ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, ქვეყნის მეურნეობაში გამოყენების საშუალებას იძლევა. სასარგებლო წიაღისეულის დედამიწის ქანებში თავმოყრა, ჩაწოლის სიღრმე, ხარისხი და რაოდენობა, ასევე სამეურნეო გამოყენება, საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ სასარგებლო წიაღისეულის საბადოზე, ხოლო თუ ასეთი საბადო დიდ ფართობზეა გადაჭიმული, მაშინ საქმე გვაქვს უკვე სასარგებლო წიაღისეულის აუზთან.
სასარგებლო წიაღისეულის კლასიფიკაცია
სასარგებლო წიაღისეულს აჯგუფებენ შემდეგი კრიტერიუმებით: ფიზიკური თვისებები, მათი გეოლოგიური წარმოშობა, მეურნეობაში მათი გამოყენების სფერო და ა.შ.
I სასარგებლო წიაღისეულის დაჯგუფება ფიზიკური თვისებების მიხედვით:
- მყარი მინერალური რესურსები - სხვადასხვა მადანი, ქვანახშირი, მარმარილო, გრანიტი, მარილები;
- თხევადი მინერალური რესურსები - ნავთობი, მინერალური წყლები;
- აირადი მინერალური რესურსები - საწვავი აირები, ჰელიუმი, მეთანი და ა.შ.
- დანალექი, მაგმური და მეტამორფული მინერალური რესურსები.
- საწვავი მინერალური რესურსები - ნავთობი, ქვანახშირი, ტორფი, ბუნებრივი აირი, საწვავი ფიქლები;
- მადნეული მინერალური რესურსები - შავი, ფერადი და ძვირფასი ლითონები;
- შავი ლითონებია: რკინა (Fe), მანგანუმი (Mn), ქრომი (Cr), ვანადიუმი (V);
- ფერადი ლითონებია: სპილენძი (Cu), ტყვია (Pb), თუთია (Zn), კალა (Sn), ნიკელი (Ni), ალუმინი (Al), ტიტანი (Ti), მაგნიუმი (Mg);
- ძვირფასი ლითონებია: ოქრო (Au), ვერცხლი (Ag), პლატინა (Pt).
- არამადნეული მინერალური რესურსები - ქვიშა, თიხა, კირქვა, გრანირტი, აპატიტი, ბარიტი, ფოსფატები, გოგირდი, კალიუმის მარილები;
- ძვირფასი, ნახევრადძვირფასი და დეკორაციული ქვები (ალმასი, ზურმუხტი, ლალი, საფირონი; ტოპაზი, ამეთვისტო, ბერილი, ქარვა, იასპი, როდონიტი, აგატი, ონიქსი, ქალცედონი, ნეფრიტი და ა.შ.).
სასარგებლო წიაღისეულის კლასიფიკაცია/დაჯგუფება გეოლოგიური წარმოშობის მიხედვით:
დედამიწაზე სასარგებლო წიაღისეულის განლაგება გეოლოგიურ კანონზომიერებებთან არის დაკავშირებული.- დანალექი, მაგმური და მეტამორფული მინერალური რესურსები.
დედამიწის დანალექ ქანებთან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეული, ძირითადად კონტინენტების უძრავ ნაწილებზე - ბაქნებზე გვხვდება.
დანალექ ქანებში უმთავრესად არამადნეულ წიაღისეულს - მარილები, ქვანახშირი, ნავთობი, საწვავი გაზები, საშენი მასალები (კირქვები, ქვიშები, თიხები) - მოიპოვებენ. დანალექ ქანებს უკავშირდება საწვავი რესურსების საბადოები (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი), რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში ცხოველების და მცენარეების ნარჩენების დალექვით წარმოიშვა, ძირითადად კარბონულ პერიოდში (285-360მლნ.წლის წინ).
ნავთობის და ქვანახშირის წარმოშობა, ცოცხალი ორგანიზმების უხვი განვითარების შედეგად, თბილ და ტენიან პირობებში (წყალმარჩხი ზღვების, ტბების და ჭაობების სანაპირო ზოლი) მიმდინარეობდა; მსოფლიოში საწვავი მინერალური რესურსების განაწილება: ქვანახშირი 60%; ბუნებრივი აირი 15%; ნავთობი 12%; საწვავი ფიქლები, ტორფი და სხვა 3%.
მაგმური და მეტამორფული წარმოშობის სასარგებლო წიაღისეული, ნაოჭა სტრუქტურებთან და კრისტალური აგებულების ქანებთან არის დაკავშირებული, რომლებიც მდიდარია შავი, ფერადი და იშვიათი მეტალების საბადოებით.
პირველი, მადნეული სასარგებლო წიაღისეული, ძირითადად მაგმის და მისგან გამოყოფილი მაღალი ტემპერატურის წყალხსნარებისგან წარმოიქმნა. დედამიწის ზედაპირზე მაგმის ამოსვლა ტექტონიკური მოძრაობების აქტიურ პერიოდებში ხდება, ამიტომ მადნეული სასარგებლო წიაღისეული დედამიწის ნაოჭა რეგიონებში გვხვდება. მეორე, მადნეული სასარგებლო წიაღისეული, ასევე ბაქნების ვაკე ზედაპირზეც შეიძლება იყოს წარმოდგენილი, იმ შემთხვევაში თუ ბაქნის კრისტალური საფუძველი ზედაპირთან ახლოსაა და დანალექი ქანების სიმძლავრე კი მცირე ზომისაა.