ანდები - კორდილიერების მთათა სისტემის სამხრეთი ნაწილია, რომელიც სამხრეთი ამერიკის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული.
ანდები, ანდების კორდილიერები (ანტა - ინკების ენაზე - სპილენძი, Andes; Cordillera de los Andes), უდიდესი მთათა სისტემაა სამხრეთ ამერიკაში. გადაჭიმულია დაახლოებით 9000 კმ-ზე წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ - ვენესუელის, კოლუმბიის, ეკვადორის, პერუს, ბოლივიის, ჩილესა და არგენტინის ტერიტორიებზე. მაქსიმალური სიმაღლე 6960 მ (მწვ. აკონკაგუა).
ანდები - წყნარი და ატლანტის ოკეანეთა აუზების მთავარი წყალგამყოფი და კლმატური ზღუდეა. იცავს სამხრეთი ამერიკის ტერიტორიის დიდ ნაწილს წყნარი ოკეანის ანტიციკლონის გავლენისაგან და წინ ეღობება ატლანტის ოკეანედან წამოსულ ნოტიო ჰაერის მასებს, რის გამოც ჰავა ანდების დასავლეთ ფერდობებზე და წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში გაცილებით მშრალია, ვიდრე ანდების აღმოსავლეთ ფერდობებზე.
ანდებში სათავეს იღებს მდინარე ამაზონი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები. აგრეთვე მდინარეები ორინოკო, პარანა და პარაგვაი თავიანთი შენაკადებით, და პატაგონიის მდინარეები.
გეოლოგიური აგებულებით ანდები არაერთგვაროვანია. აღმოსავლეთ ნაწილის ს.გ.100და 300 შორის (პუნის ზეგანი) პალეოზოური (541-252მლნ. წლის წინ) ქანებით აგებულ ჰერცინულ ნაოჭა (380-280მლნ. წლის წინ) სისტემას წარმოადგენს.
ჩილეს არქიპელაგის (ესპ. Archipiélago de Patagonia) დიდი ნაწილი და სანაპირო კორდილიერის ქედი აგებულია კამბრიულისწინა (541მლნ. წლის წინ) კრისტალური ქანებით, დანარჩენი ნაწილი კი - მეზოზოური (252-66მლნ. წლის წინ) ზღვიურ-კონტინენტური წყებებით.
ანდების წარმოშობა დაკავშირებულია ძირითადად ალპურ დანაოჭებასთან (65-2,5ლნ.წლის წინ). გეოსინკლინური რეჟმი ტრიასში (251-201მლნ. წლის წინ) დაიწყო, დანაოჭება - ცარცული პერიოდის (145-66მლნ. წლის წინ) ბოლოს, და გაგრძელდა პალეოგენსა (66-23მლნ. წლის წინ) და ნეოგენში (23-2,5მლნ. წლის წინ).
მთათაწარმომშობ პროცესებს თან სდევდა რღვევები და ძლიერი ვულკანიზმი, ინტრუზიული მასივების წარმოქმნა და მთათაშორისი ტექტონიკური დეპრესიების ჩამოყალიბება. მთათაწარმომშობი პროცესები ანდებში დღესაც გრძელდება, რასაც მოწმობს ხშირი მიწისძვრები და აქტიურად მოქმედი ვულკანები (მისტი - 5821 მ, ლიულიაილიაკო - 6723 მ).
წიაღისეულიდან აღსანიშნავია:
- ნავთობი - ვენესუელა, პერუ, ბოლივია, არგენტინა;
- კალა
- ვერცხლი
- ვოლფრამი - პერუ, ბოლივია;
- სპილენძი - ჩილე;
- ოქრო
- პლატინა - კოლუმბია;
- ნატრიუმის გვარჯილა - ჩილე; და სხვ.
- აღმოსავლეთი კორდილიერები
- ცენტრალური კორდილიერები
- დასავლეთი კორდილიერები და
- სანაპირო კორდილიერები,
სტრუქტურულ-გეომორფოლოგიურ თავისებურებათა მიხედვით, ანდებს (ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ) რამდენიმე მონაკვეთად ყოფენ:
- კარიბის ანდები - სამხრეთი ამერიკის კონტინენტის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კარიბის ზღვის სანაპიროს გასწვრივ არის აღმართული. კარიბის ანდები საშუალო სიმაღლის (2765 მ-მდე) ორი ნაოჭა-ეროზიული ქედისაგან შედგება.
- ჩრდილო-დასავლეთი ანდები - კარიბის ანდების დასავლეთ გაგძელებას წარმოადგენს. იგი აღმართულია კოლუმბიისა და დასავლეთ ვენესუელის ტერიტორიაზე, და მოიცავს დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ კორდილიერების მაღალ ნაოჭა-ბელტურ ქედებს. რომელთა შორის მარაკაიბოს, მაგდალენისა და კაუკის ღრმა და განიერი ქვაბულებია. ანდების ამ მონაკვეთისათვის დამახასიათებელია უახლესი რღვევები, ჰორსტული მასივები (სიერა-ნევადა-დე-სანტა-მარტა 5800 მ), ვულკანიზმი - ვლკ. რუისი 5400 მ, და ვრცელი მოსწორებული ზედაპირები. მაღალმთიან ზოლში განვითარებულია ძველმყინვარული რელიფი და თანამედროვე გამყინვარება.
- ეკვადორის ანდები - ჩრდილო-დასავლეთი ანდების სამხრეთ გაგრძელებას წარმოადგენს. ეკვადორის ანდები მოიცავს დასავლეთი და აღმოსავლეთი კორდილიერების მაღალ ქედებს. ეკვადორის ანდების მორფოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაინოზოური ერის (66მლნ. წლის წინ - დღემდე) ვულკანიზმი - ვლკ. ჩიმბორასო 6262 მ, ვლკ. კოტოპახი 5897 მ და სხვ.
- პერუს ანდები - ს.გ.40- 14030′ შორისაა აღმართული. აქ გამოიყოფა დასავლეთ კორდილიერას ინტრუზიული მაღალი ქედი (მწვ.უასკარანი 6768მ) 4000-5000 მ სიმაღლის ზეგნებით; ცენტრალური კორდილიერას ნაოჭა-ბელტური ქედი; აღმოსავლეთი კორდილიერა კი შედგება რამდენიმე დაბალი ნაოჭა-ეროზიული ქედისაგან. პერუს ანდებისთვის დამახასიათებელია თანამედროვე გამყინვარება, ქედები ღრმადაა ჩაჭრილი მდინარეების - მარანიონის, უალიაგის და უკაიალის კანიონებით.
- ცენტრალური ანდები - ს.გ.14030′- 280 შორისაა აღმართული, და ანდების ყველაზე რთული აგებულების, ვრცელ მონაკვეთს წარმოადგენს. ცენტრალური ანდების დასავლეთ ფრთას - სანაპირო კორდილიერების ინტრუზიული ქედი წარმოადგენს.
- ჩილე-არგენტინის ანდები - ცენტრალური ანდების გაგრძელებას წარმოადგენს, და გადაჭიმულია ს.გ.280- 350 შორის (სანაპირო კორდილიერები, მთავარი კორდილიერები და მათ შორის მოქცეული გასწვრივი ტექტონიკური ხეობა). აქ არის აღმართული ანდების უმაღლესი მწვერვალი აკონკაგუა 6960 მ,
- პატაგონიის ანდები - ანდების ქედის უკიდურესი სამხრეთი მონაკვეთია, სიმაღლე 4035მ-მდეა. პატაგონიის ანდები გამოირჩევა მძლავრი თანამედროვე გამყინვარებით და აქტიური ვულკანიზმით.
მუდმივი თოვლის საზღვარი ჩრდილო-დასავლეთ და ეკვადორის ანდებში ზ.დ.4300-4900 მ-ზეა, ცენტრალურ ანდებში 5600-6100 მ-ზე (დედამიწაზე მუდმივი თოვლის ყველაზე მაღალი საზღვარი პუნაში - 6500მ), პატაგონიის ანდებში 1000-1200მ-ზე, ცეცხლოვანი მიწის სამხრეთ ნაწილში 500-700მ-ზე, ხოლო ს.გ.46030′-დან მყინვარები ოკეანის დონემდე ეშვება.
ანდების სხვადასხვა გეოგრაფიულ სარტყელში მდებარეობა, და დიდი აბსოლუტური სიმაღლე - განაპირობებს ნიადაგებისა და მცენარეული საფარის მრავალფეროვნებასა, და მკვეთრად გამოხატულ სიმაღლებრივ სარტყელურობას.
ჩრდილოეთი და ცენტრალური ანდების აღმოსავლეთი საქარე ფერდობები შემოსილია ლატერიტურ ნიადაგზე აღმოცენებული მთის ნოტიო ეკვატორული და ტროპიკული ტყით - ჰილეით, სადაც პალმა, კაუჩუკის და კაკოს ხე იზრდება. ვენესუელის ანდების მთის წითელმიწა ნიადაგზე ფოთოლმცვენი ტყეები ხარობს, ხოლო ჩილეს ანდებში ყავისფერ ნიადაგზე - მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარეულობა (მაკვისის ტიპის ბუჩქნარები - ესპინალესი, მარადმწვანე და ფოთოლმცვენი წიფელი და სხვ.). პატაგონიის ანდების ტყის მურა ნიადაგებზე ხარობს ჰემიჰილეა, ჭარბობს მარადმწვანე წიფელი, ენდემური არაუკარია და სხვ. ანდების ჩრდილოეთ ნაწილის მაღალმთიან პლატოზე მდელოებია (პარამოსი, Paramo), ცენტრალურ ანდებში - მაღალი მთის მშრალი სტეპები (ხალკა,), პუნასა (Puna Grassland) და წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში, ს.გ.50- 280 შორის უდაბნოს ტიპის ნიადაგები და მცენარეულობაა. ანდები ქინაქინის ხის, კოკას, კარტოფილის და სხვ. ძვირფას მცენარეთა სამშობლოა.
ცხოველთა სამყარო ბრაზილიისა და ჩილე-პატაგონიის ზოოგეოგრაფიულ ქვეოლქებს ეკუთვნის. ბინადრობენ ლამა, რელიქტური - სათვალიანი დათვი, ენდემური - ირმები პუდუ (Pudu Deer) და უემალი (Huemul Deer), მაგელანის ძაღლი და სხვ. მრავლადაა ენდემური ფრინველი, მ.შ. კონდორი. მდინარეებში ბევრი თევზია.