დეივიდ ლივინგსტონი (1813-1873) ქალაქ გლაზგოს მახლობლად შოტლანდიელი ფეიქრების ოჯახში დაიბადა. მამის მსგავსად ისიც ფეიქარი გახდა, მაგრამ ეს სამუშაო მას არ აკმაყოფილებდა. სახსრების უქონლობამ უნივერსიტეტის დასრულების საშუალება არ მისცა, მაგრამ მან მედიცინის შესწავლა დაიწყო და კონტაქტი დაამყარა მისიონერების საზოგადოებასთან.
მოკლევადიანი თეოლოგიური კურსების დასრულების შემდეგ, 1840 წელს დეივიდ ლივინგსტონი მისიონერად სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება. მისი ძირათადი დანიშნულება, ადგილობრივ მოსახლეობაში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება იყო, მაგრამ მას მოგზაურობები და სხვადასხვა სახის დაკვირვებები უფრო იტაცებდა. მისიონერის სამსახური კი მას ამის საშუალებას აძლევდა.
ბეჩუანალენდში ყოფნის დროს მან უდაბნო კალაჰარის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიკვლია, და პირველი ევროპელი იყო, რომელმაც პერიოდული ტბა ნგამი აღმოაჩინა და მდინარე ზამბეზის ზემო დინებმადე ავიდა.
ბეჩუანალენდი (Bechuanaland), დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი აფრიკაში 1885-1966. 1966 წლის 30 სექტემბრიდან სახელმწიფო ბოტსვანა (წყ. ქართული საბჭოთა ენციკოლოპედია, ტ.2, გვ.348).
დეივიდ ლივინგსტონი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან კეთილგანწოყობას ხვდებოდა, რადგან ის სამედიცინო დახმარებას უწევდა მათ და სასარგებლო რჩევებს აძლევდა.
1853-1856 წლებში ლივინგსტონმა გაიარა მთელი სამხრეთ აფრიკა მდინარე ზამბეზიდან ლუანდამდე (პორტუგალიური კოლონია ანგოლას დედაქალაქი). გზად მდინარე ზამბეზზე აფრიკის უდიდესი ჩანჩქერი აღმოაჩინა, რომელსაც ინგლისის დედოფლის საპატივსაცემოდ ვიქტორიას ჩანჩქერი უწოდა.
შემდეგი ორი წელი დეივიდ ლივინგსტონმა ინგლისში დაჰყო, და შეეცადა მთავრობისაგან დაფინანსება მიეღო, რომელიც ახალი ექსპედიციისათვის იყო საჭირო.
1858 წელს დეივიდ ლივინგსტონი თავისი ხუთი თანამოაზრის თანხლებით (მათ შორის მისი ძმა ჩარლზიც იყო) კვლავ აფრიკაში გაემგზავრა, ამჯერად სოფელ კელიმანეში, რომელიც მდინარე ზამბეზის მახლობლად მდებარეობდა.
ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით მოძრაობის დროს ლივინგსტონმა დიდი ტბა ნიასა და რიგი სხვა ტბები აღმოაჩინა.
1864 წელს დეივიდ ლივინგსტონი მცირე ხნით ბრუნდება ინგლისში და 1865 წელს ბომბეის (ინდოეთი) გავლით ჩადის ზანზიბარში (კუნძული ტანზანიის მახლობლად), რათა ტბა ტანგანიიკას კვლევა გააგრძელოს. ლივინგსტონის ექსპედიციამ მრავალი ტბა და მდინარე აღმოაჩინა, მათ შორის დღევანდელი ზამბიის ტერიტორიაზე მდებარე ტბა ბანგვეოლო.
1869 წელს ტანგანიიკაზე მოგზაურობისას ლივინგსტონი ტროპიკული ციებით დაავადდა. დაავადება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რადგან ამ დროისათვის მოგზაურის ორგანიზმი გამოფიტული იყო. ლივინგსტონს ადგილობრივ კეთილგანწყობილ მოსახლეობასთან ერთად მოუწია დარჩენა, სადაც მას ექიმბაშები უვლიდნენ. თავისუფალ დროს ლივინგსტონი მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა. მოგზაური რამოდენიმე წელი ავად იყო, და ამ პერიოდის განმავლობაში ის მშვიდ და გაწონასწორებულ ცხოვრებას მიეჩვია, ასევე მას კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა ადგილობრივ მოსახლეობასთან.
ამ ხნის განმავლობაში მან ევროპასთან კავშირი დაკარგა, ხოლო ევროპის საზოგადოება მისი სავარაუდო სიკვიდილით შეწუხებული იყო. 1871 წლიდან დაწყებული ცენტრალურ აფრიკაში დეივიდ ლივინგსტონის სამძებრო ექსპედიციები ეწყობოდა. ერთ-ერთი ასეთი ექსპედიციის დროს, რომელსაც ჰენრი მორტონ სტენლი ხელმძღვანელობდა, 1871 წლის 10 ნოემბერს (ჰ.მ. სტენლის დღიურების მიხედვით, ხოლო დ.ლივინგსტონი თავის დღიურებში ამ შეხვედრას 24-დან 28 ოქტომბრამდე ათარიღებს) ურუნდის სამხრეთით მდებარე ქალაქ უჯიჯიში, დასუსტებული და ავადმყოფი დეივიდ ლივინგსტონის ადგილმდებარეობა აღმოაჩინა. შეხვედრის დროს სტენლიმ წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: "ვვარაუდობ, დოქტორ ლივინგსტონი ბრძანდებით?" ("Dr. Livingstone, I presume?"). გამოჯანმრთელებული და სტენლის მოსვლით ძალიან კმაყოფილი დეივიდ ლივინგსტონი, მასთან ერთად გაემგზავრა ჩრდილოეთ ტანგანიიკას კვლევით ექსპედიციაში.
1872 წლის 14 მარტს ჰენრი მორტონ სტენლი და დეივიდ ლივინგსტონი ერთმანეთს დაემშვიდობნენ: სტენლი ზანზიბარში დაბრუნდა და ევროპაში გამგზავრებას აპირებდა, ხოლო დეივიდ ლივინგსტონი თეთრი ნილოსის სათავის დასადგენად გაემართა. თუმცა ნილოსის სათავის დადგენა ვერ მოხერხდა და გამოცანა, რომლის ამოხსნას უძველესი დროიდან ცდილობდნენ კვლავ გამოცანად დარჩა, ხოლო ექსპედიციამ მრავალი ახალი აღმოჩენა გააკეთა. ამ მოგზაურობის დროს დეივიდ ლივინგსტონი დიზენტერიით დაავადდა და 1873 წლის 1 მაისს გარდაიცვალა. ლივინგსტონის ადგილობრივმა მეგობრებმა მისი გვამის ბალზამირება მოახდინეს და მხრებზე გადებული ინდოეთის ოკეანემდე მიასვენეს, აქედან ის ლონდონში ჩაასვენეს. დეივიდ ლივინგსტონი ვესტმინსტერის სააბატოშია დაკრძალული, იქ სადაც ინგლისის მეფეები და დედოფლები განისვენებენ.
დეივიდ ლივინგსტონს სამხრეთი და ცენტრალური აფრიკის (განსაკუთრებით ტანგანიიკას) ტერიტორიების მკვლევართა შორის გამორჩეული ადგილი უკავია. მან აღმოაჩინა ჩანჩქერი ვიქტორია, ტბები - ნიასა, ნგამი და ბანგვეოლო; აგრეთვე მოგზაურმა მდინარე ზამბეზის ზემო დინება და მდინარე კონგოს აუზის ნაწილი შეისწავლა. სიცოცხლეშივე გამოაქვეყნა შემდეგი ნაშრომები: "მისიონერული მოგზაურობები და გამოკვლევები სამხრეთ აფრიკაში", და "ექსპედიცია მდინარე ზამბეზზე", ხოლო დღიურები რომელსაც მოგზაური 1856 წლიდან აწარმოებდა უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. დიდი მნიშვნელობა ქონდა ლივინგსტონის მოღვაწეობას ადგილობრივ მოსახლეობაში, რომელთაც თეთრი მეგობრის შესახებ ხსოვნა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნეს.
დეივიდ ლივინგსტონის სახელს ატარებს ჩანჩქერ ვიქტორიას მახლობლად მდებარე კუნძული მდინარე ზამბეზზე; ქალაქი ზამბიაში და ტბა ნიასას ნაპირების გასწვრივ გადაჭიმული ქედი; გარდა ამისა, მალავიში ტბა ნიასას სანაპიროზე მდებარე დასახლებას ლივინგსტონია ეწოდა.